ჩვენ შესახებ

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ)- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2010 წლის 1 სექტემბერს  “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე დაარსდა. ცენტრი არის სსიპ- განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლე.

 

2010 წლის სექტემბერშივე ”უმაღლესი განათლების შესახებ” და ”ზოგადი განათლების შესახებ” კანონებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სავალდებულო ლიცენზირებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის ნაცვლად შემოღებულ იქნა ავტორიზაციის პროცედურა. ცვლილებები განხორციელდა აკრედიტაციის შინაარსშიც.  იგი ადგენს აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობას, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. ავტორიზაცია სავალდებულოა საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ხოლო აკრედიტაცია ნებაყოფლობითია.

 

ამ ცვლილებებამდე საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად სავალდებულო იყო ლიცენზირებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლა, ლიცენზირებას ახორციელებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო აკრედიტაციას- სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი.

 

ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცესი 2004 წელს დაიწყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ხოლო 2006 წლის 27 მარტს ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №222 ბრძანებით, დაფუძნდა სსიპ- საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური, შემდგომში- განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი, რომელიც უფლებამოსილი იყო, განეხორციელებინა ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაცია უმაღლეს, პროფესიულ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 

მიზნები:

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიზნებია:

 

საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით განათლების ხარისხის შიდა მექანიზმების ფორმირების ხელშეწყობა, გარე მექანიზმების განხორციელება და მათ შემდგომ სრულყოფაზე ზრუნვა;

 

საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე, პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხული პირების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა;

 

მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად;

 

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათ მიმართ ნდობის ამაღლება;

 

საგანმანათლებლო დოკუმენტების სანდოობისა და მინიჭებული კვალიფიკაციების დასაქმების ბაზართან კავშირის უზრუნველყოფა;

 

მიღებული განათლების სწავლის შედეგების მნიშვნელობისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კვალიფიკაციებთან მათი შესაბამისობის შეფასება;

 

ქართული ენის განვითარებისა და ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგიის დამკვიდრების ხელშეწყობა.

 

ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი მუშაობას  წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, «განათლების ხარისხის განვითარების შესახებ» საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტების, სამინისტროს მიერ დამტკიცებული ცენტრის დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.