წესი/პროცედურა

1. რა ვადებშია შესაძლებელი მობილობის მსურველად დარეგისტრირება?

 

მობილობის მსურველად დარეგისტრირება შესაძლებელია წელიწადში ორჯერ. მობილობის პროცესი ხორციელდება შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში.  

 

2. ვის აქვს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის უფლება?

 

ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველად რეგისტრაციის უფლება აქვს სტუდენტს, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა კანონმდებლობით დადგენილი წესით და რეგისტრირებულია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში. 

 

მობილობის უფლება სტუდენტს ეძლევა შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში სტუდენტს შეჩერებული ჰქონდა სტატუსი. 

აღნიშნული ვადა არ  ვრცელდება იმ დაწესებულებების სტუდენტებზე, რომლებსაც გაუუქმდათ ავტორიზაცია. 

 

3. სტუდენტს, რომელსაც შეჩერებული ან შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი, აქვს თუ არა მობილობის უფლება?

 

სტუდენტს, რომელსაც შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, მობილობის უფლება აქვს სტატუსის შეწყვეტიდან  12 თვის განმავლობაში. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებში სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გამოვლენის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, მოსთხოვოს სტუდენტს ან დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

სტუდენტი სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.

 

2010 წლის 4 თებერვლამდე ყველა გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად და უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით გარიცხვის/ამორიცხვის ბრძანების თარიღიდან 10 წლის განმავლობაში.

 

4. თუ მობილობის მსურველის მონაცემები არ არის რეგისტრირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, როგორ უნდა მოიქცეს სტუდენტი?

 

თუ სტუდენტის მონაცემები არ არის რეგისტრირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, სტუდენტმა უნდა მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარუდგინოს თავისი პირადობის მოწმობა და პირადი საქმე (ატესტატი, ჩარიცხვის ბრძანება, აკადემიური ცნობა ან კურსიდან კურსზე გადაყვანისა და ამორიცხვის ბრძანებათა დამოწმებული ასლები).

 

5. რა არის საჭირო ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველად რეგისტრაციისათვის?

 

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია სტუდენტის თერთმეტნიშნა პირადი ნომერი, რომლის საშუალებითაც სტუდენტი მომხმარებლად რეგისტრირდება  ელექტრონულ პორტალზე და ირჩევს პაროლს.

 

რეესტრში ასახულ მონაცემებში უზუსტობის აღმოაჩენის შემთხვეევაში, სტუდენტმა უნდა მიმართოს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც იგი ირიცხება.

 

6. როგორ უნდა  დაარეგისტრიროს სტუდენტმა თავისი არჩევანი ელექტრონულ პორტალზე?

 

პორტალზე აისახება მობილობის პროცესში მონაწილე დაწესებულებების მიერ რეგისტრირებული ადგილები ფაკულტეტებისა და პროგრამების მიხედვით.

სტუდენტმა არჩევანის რეგისტრაციისათვის უნდა მონიშნოს სასურველი ფაკულტეტი და პროგრამა და რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერით დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი.

 

მობილობის მსურველს უფლება აქვს, აირჩიოს არაუმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამა.

სტუდენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს პრიორიტეტების განსაზღვრას! - პირველ არჩევნად უნდა დააფიქსიროს ყველაზე სასურველი პროგრამა, შემდეგ - მეორე, მესამე და ა.შ.

 

მობილობის მსურველმა თითოეული არჩევანი უნდა დაარეგისტრიროს ცალ-ცალკე. შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ელექტრონული პორტალი იძლევა სტუდენტის მიერ არჩეული ფაკულტეტებისა და პროგრამების შეუზღუდავი რაოდენობით რედაქტირების საშუალებას.

 

7. რა შემთხვევაში ითვლება მობილობის მსურველის არჩევანი რეგისტრირებულად?

 

მობილობის მსურველის არჩევანი ჩაითვლება რეგისტრირებულად იმ შემთხვევაში, თუ იგი გადაიხდის მობილობის საფასურს 40 ლარის ოდენობით.

 

აღნიშნული თანხის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ არჩევანის გაკეთების შემდეგ რეკვიზიტებზე:

 

მიმღების ბანკი-სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება-ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი-TRESGE22

მიმღების ანგარიში/საზაზინო კოდი-707637499   (სხვა არაკლასიფიცირებული არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურების საფასური)

 

თანხის გადახდის შემდეგ, სტუდენტთა რეგისტრაციის ამოწურვამდე, ელექტრონული პორტალი მობილობის მსურველს კვლავ  აძლევს საშუალებას შეცვალოს განაცხადი-თავის არჩევანს დაამატოს  ან ამოიღოს საგანმანათლებლო პროგრამები, შეცვალოს არჩეული პროგრამების პრიორიტეტულობა ან გააუქმოს განაცხადი.

 

8. ვინ თავისუფლდება მობილობის საფასურისგან?

 

მობილობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლება: 

 

ა) სტუდენტი, რომლის საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია;

 

ბ) სტუდენტი, რომლის ოჯახიც მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პერიოდში რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

 

9. რა შემთხვევაში უბრუნდება სტუდენტს მობილობის რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასური?

 

მობილობის რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასური (40 ლარი) სტუდენტს სრულად დაუბრუნდება: 

ა) თუ მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ აღმოჩნდება, რომ სტუდენტი არ არის რეგისტრირებული.

 

ბ) თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა. 

 

საფასურის დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის განმავლობაში. გადახდილი საფასური ამ ვადის გასვლის შემდეგ არ ბრუნდება. ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

 

საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 

 

10. როგორ შეიძლება მობილობის მსურველის კონკრეტულ დაწესებულებაში ჩარიცხვის სავარაუდო შესაძლებლობების განსაზღვრა?

 

კონკრეტულ დაწესებულებაში  მობილობის მსურველის ჩარიცხვის სავარაუდო შესაძლებლობის განსაზღვრისათვის სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს 

მობილობის პორტალზე ასახულ თითოეულ პროგრამაზე პირველი პრიორიტეტით ჩარიცხვისათვის აუცილებელი მინიმალური საკონკურსო ქულა, რომელიც შეესაბამება ამ პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობის შესაბამისი კონკურსანტების ქულებისგან უმცირესს.

 

შესაბამის პროგრამაზე მოხვედრისათვის სტუდენტის საკონკურსო ქულა უნდა აღემატებოდეს პორტალზე ასახულ მინიმალურ საკონკურსო ქულას.

 

მნიშვნელოვანია! -  მინიმალური საკონკურსო ქულის შესახებ მონაცემები დინამიკურია და შეიძლება შეიცვალოს ამ პროგრამაზე ახალი მობილობის მსურველების რეგისტრაციისას.

 

მნიშვნელოვანია! - მობილობის უფლება სტუდენტს მიენიჭება მის მიერ მითითებული პრიორიტეტების გათვალისწინებით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას პირველ რიგში მოიპოვებენ ის მობილობის მსურველები, რომლებსაც აღნიშნული დაწესებულება პირველ პრიორიტეტად აქვთ მითითებული, დარჩენილი ადგილები განაწილდება მეორე, მესამე და ა.შ. პრიორიტეტებით რეგისტრირებული განაცხადების შესაბამისად.

 

მნიშვნელოვანია! -  სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს მობილობითა და შიდა მობილობით ჩარიცხვა შეუძლია მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.

 

11. რა შემთხვევაში ეკარგება მობილობის სარგებლობისას სტუდენტს  სახელმწიფო სასწავლო გრანტი?

 

1. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანა დაუშვებელია დაწესებულების არააკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. 

2. დაუშვებელია ნაწილობრივი გრანტის ან/და სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ ნაწილობრივი გრანტის ან/და სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წელს ფინანსდებოდა მხოლოდ სრული გრანტით. 

 

2011 და 2012 წელს ჩარიცხული სტუდენტებისათვის სრული ოდენობის გრანტით (100%) ფინანსდებოდა  შემდეგი მიმართულებები ან დარგები/სპეციალობები:

ა) სამართალი; 

ბ) ჯანდაცვა;

გ) ბიზნესის ადმინისტრირება, გარდა ტურიზმისა;

დ) მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა;

ე) საერთაშორისო ურთიერთობები;

ვ) საჯარო მმართველობა.

ამ პროგრამებზე გადასვლის შემთხვევაში, სტუდენტს, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხა 2011 და 2012 წლებში და მოიპოვა ნაწილობრივი დაფინანსება, სასწავლო გრანტი არ გადაჰყვება.

 

3. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანა შესაძლებელია იმ პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც ჩაირიცხა სტუდენტი, ან იმ პროგრამულ მიმართულებაზე, რომელიც გრანტის მოპოვების წელს მიეკუთვნებოდა პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებას. 

 

12. როგორ ადგენს სტუდენტი, მოიპოვა თუ არა მობილობის უფლება?

 

მობილობის უფლების მოპოვების საკითხის დასადგენად, სტუდენტმა მობილობის შედეგების გამოცხადების შემდეგ უნდა შეამოწმოს საკუთარი პროფილი (პირადი ნომრისა და პაროლის საშუალებით).

 

შესაძლებელია  უმაღლესმა  საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები სტუდენტის მობილობისათვის.

 

13.  აქვს თუ არა უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობისათვის დააწესოს დამატებითი მოთხოვნები?

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები სტუდენტების ჩარიცხვასთან დაკავშირებით (გამოცდა, შემოქმედებითი ტური, გასაუბრება და ა.შ) ან შეზღუდოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება კონკრეტული პირობით (სწავლების წელი, ათვისებული კრედიტების რაოდენობა და ა.შ.).

დამატებითი მოთხოვნების არსებობა აისახება ელექტრონულ პორტალზე, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შენიშვნების გრაფაში.

 

14.   როგორ ირიცხება სტუდენტი მობილობის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში?

 

ელექტრონული პორტალის მონაცემების მიხედვით, მობილობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტმა  დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს წერილობითი განცხადებით  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მის მიერ დადგენილ ვადებში, და წარადგინოს პირადი საქმის ასლი.

 

მობილობის პროცედურა ყველა სტუდენტის უფლებაა, რომელიც შეუზღუდავად უნდა რეალიზდებოდეს.

 

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლიდანაც გადადის სტუდენტი, 

არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს მას პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის ასლიების მიღებაში. 

 

15. როგორ ხდება მიმღები დაწესებულების მიერ კრედიტების აღიარება?

 

მობილობის მსურველის მიერ დაგროვილი კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. კრედიტების აღიარება ხორციელდება პირის მიერ წარდგენილი პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე.

აღიარებას ექვემდებარება იმ  პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზეც

 ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

შინაარსობრივი შესწავლის შედეგად, შესაძლებელია დადგინდეს, რომ სტუდენტის მიერ გავლილი და მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსები, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად, ურთიერთშესაბამისობაშია.

ასევე,  დასაშვებია იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით.

მნიშვნელოვანია სტუდენტი გაეცნოს მიმღები დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების შესახებ ინფორმაციას, რათა იმოქმედოს საკუთარი ინტერესის შესაბამისად-წერილობითი უარი განაცხადოს მობილობაზე,  ან დაელოდოს ბრძანების გამოცემას და ჩაირიცხოს მობილობით. 

 

16. როგორ შეუძლია სტუდენტს უარი განაცხადოს მობილობით ჩარიცხვაზე?

 

სტუდენტს მობილობით ჩარიცხვაზე უარის თქმა შეუძლია  წერილობითი განცხადებით მიმართვის გზით, მისი მობილობით ჩარიცხვის ბრძანების გამოცემამდე.