სიახლეები

23 იანვარი, 2015

2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი ონლაინ რეჟიმში უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - https://students.eqe.ge/

2014-2015 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყება 23 იანვარს და 5 თებერვლის 18:30 საათამდე გაგრძელდება. 

ამ ვადის განმავლობაში სტუდენტს შეუძლია პრორიტეტების მიხედვით ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიოს. მობილობის კონკურსში გამარჯვება დამოკიდებულია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებულ სკალირებულ ქულაზე. 

მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. იმუშავებს მობილობის ცხელი ხაზი და ცენტრის ოპერატორები სტუდენტებს დახმარებას გაუწევენ. ტელ.: (+99532) 2 200 220 (შიდა 3522 ან 3523). 

მობილობის საფასური 40 ლარია, სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან სწრაფი გადახდის აპარატებისა და ინტერნეტის მეშვეობით. 

მობილობაში მონაწილეობას იღებს 56 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სულ გამოცხადებულია 8370 ვაკანტური ადგილი. 

დაწესებულებები, რომლებიც 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობაში არ მონაწილეობენ: 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 
სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; 
შპს სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტი სეუ; 
სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; 
შპს - პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია; 
ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ-უნივერსიტეტი; 
შპს საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი; 
შპს ჰეიდარ ალიევის სახელობის საქართველო-აზერბაიჯანის სასწავლო უნივერსიტეტი. 

ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ექვსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია. 

მობილობის შედეგები 9 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. შედეგების გამოცხადებისთანავე სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიაკითხოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას. 

ცენტრი მობილობით დაინტერესებულ პირებს ამჯერადაც სთავაზობს ღია კარის დღეს. 23 იანვარს 12:00 საათზე სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. მონაწილეებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები.


← სიაში დაბრუნება