აღიარება

განათლების აღიარებას ახდენს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი), საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული  აქტებისა  და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის” შესაბამისად. ამ უფლებამოსილებას ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან - საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო  დაწესებულებებსა და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
 
საქართველოში არსებობს განათლების აღიარების შემდეგი სახეები:
 
1. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში  მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას.
 
2. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება
ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება (შემდგომში - უმაღლესი განათლების აღიარება) გულისხმობს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობის დადგენას სახელმწიფოს მიერ აღიარებული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან.
 
3. განათლების აღიარება ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისა, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირებისა, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას
განათლების აღიარება გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. 
 
4. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას ახორციელებს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. აღიარებას ექვემდებარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე 1990 წლიდან მიღებული განათლება.