იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა არ დაგისრულებიათ, ხოლო ბრძანება თქვენი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ არ არის გამოცემული, განიხილებით სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში შეგიძლიათ მიმართოთ საგანმანათლებლო დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან სწავლა გააგრძელოთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - ისარგებლოთ მობილობის უფლებით.
სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდგომ სტუდენტის სტატუსი წყდება და სტატუსის ხელმეორედ მოპოვება შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში. იმავდროულად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია აღიარდეს ის საგნები, რომლებიც გავლილი გქონდათ თავდაპირველი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, ბრძანების გამოცემიდან 12 თვის განმავლობაში განიხილებით სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად და უფლებამოსილი ხართ, ისარგებლოთ მობილობის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია მიმღები დაწესებულების წესდებასთან. ამასთან, 2010 წლის 6 თებერვლამდე საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხვის/ამორიცხვის შემთხვევაში, განიხილებით სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად და უფლებამოსილი ხართ გარიცხვის/ამორიცხვის ბრძანების გამოცემიდან 10 წლის განმავლობაში მიმართოთ დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოთ მობილობის უფლებით.