კალენდარი

arrow მარტი 2024 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18
19
2021222324
25262728293031

ზოგადი განათლება


ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია:

ა) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
ბ) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;
გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება;
დ) დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება;
ე) იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე;
ვ) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
თ) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საფეხურები

სრული ზოგადი განათლება არის სამ საფეხურიანი და თორმეტწლიანი.
სრული ზოგადი განათლების საფეხურებია:
ა) დაწყებითი - I-VI კლასები;
ბ) საბაზო - VII-IX კლასები;
გ) საშუალო - X-XII კლასები.
დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევების დონის დაძლევას, სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და შესაბამისი დოკუმენტით სახელმწიფოს მიერ ამის დადასტურებას.
საბაზო განათლების მიღების შემდეგ გაიცემა საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი. საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე პირს აქვს უფლება, გავიდეს სკოლიდან, სწავლა გააგრძელოს ზოგადი განათლების მესამე საფეხურზე ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღება ხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმების შესაბამისად, რომელსაც შეიმუშავებს და ავითარებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი. ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, შედეგზე ორიენტირებული, მოსწავლეზე გათვლილ განათლების სისტემის კონცეფციას. სტრუქტურულად მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისათვის საათების განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ დატვირთვას, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის დამთავრებისას, და ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებათა აღწერას, საგნობრივ პროგრამებს. ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე ზოგასაგანმანათლებლო დაწესებულება შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმას.
ზოგადი განათლების მიღება შესაძლებელია საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში- სკოლებში.

ზოგადი განათლების მიღების ალტერნატიული გზები

ზოგადი განათლების მიღება შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს ალტერნატიული ფორმებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და შრომითი და ოჯახური პირობების გათვალისწინებით.
სახელმწიფო იცავს მოსწავლის და მშობლის საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლებას. მშობლის საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლება არ გულისხმობს:
ა) სავალდებულო განათლებისთვის თავის არიდების უფლებას;
ბ) ისეთ განათლებას, რომელიც ხელს შეუშლის ამ კანონის მიზნების მიღწევას.
პირს, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება შეუძლია ექსტერნატის წესით.
ექსტერნს უფლება აქვს მიიღოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მხოლოდ ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დაძლევის შემთხვევაში.
ექსტერნატის გამოცდას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნატის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს, აბარებენ აგრეთვე ის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო-საშუალო საფეხურებზე სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების გამოყენებით.

ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმებს განსაზღვრავენ და იყენებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.

ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიმები განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და მის განხორციელებაზე პასუხისმგებელია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება და მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. საავტორიზაციო შეფასება ხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასებითა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება და შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში.



  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge