აკრედიტაციის პროცესი
აკრედიტაციის პროცესში ექსპერტთა ჯგუფი ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობას შემდეგ სტანდარტებთან.
1. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა
2. სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა
3. სტუდენტთა მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა
4. სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა
5. სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები
ვიდეო - აკრედიტაციის სტანდარტები
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები
აკრედიტაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1) სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა;
2) საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობა;
3) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;
4) სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელება;
5) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის შედგენა;
6) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შედგენა;
7) აკრედიტაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება;
8) დასაბუთებული გადაწყვეტილებისა და დასკვნის გამოქვეყნება.
საბჭოს მიერ აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის საფასურის გადახდიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
1) სააკრედიტაციო განაცხადი
საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით ცენტრში წარდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) საგანმანათლებლო პროგრამისთვის შედგენილი თვითშეფასების ანგარიში და მასზე დასართავი დოკუმენტაცია;
ბ) სააკრედიტაციო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)
2) საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობა
ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს სააკრედიტაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან;
თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად;
ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.
3) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა
აკრედიტაციის საფასურის გადახდის შემდეგ ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ;
აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი აკრედიტაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა;
აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის აცილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში;
დაწესებულება ვალდებულია, დაასაბუთოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრის ინტერესთა კონფლიქტი;
ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 სამუშაო დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ;
აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი ახორციელებს ვიზიტს;
აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალი და სტუდენტი (გარდა, მასწავლებლის მომზადების და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შემთხვევისა), ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ საერთაშორისო ექსპერტები,დამსაქმებლები, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები;
ვიზიტის ხანგრძლივობა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის მიერ, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის შესაბამისად;
აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ეფექტიანად წარმართვისა და შეფასების ერთიანი მიდგომის დაცვის მიზნით, ცენტრი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტზე მიავლენს ცენტრის თანამშრომელს.
4) სააკრედიტაციო ვიზიტი
აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს და უზრუნველყოფს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას;
აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს თავმჯდომარის მიერ მისთვის განსაზღვრული მოვალეობების ფარგლებში დასკვნის მომზადებას;
აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია:
სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებამდე შეისწავლოს აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში და საგანმანათლებლო პროგრამა და დაადგინოს მისი შესაბამისობა აკრედიტაციის სტანდარტებთან;
სააკრედიტაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიურება, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები;
დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიურება;
აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია, შეწყვიტოს წარმოება.
5) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის შედგენა
თვითშეფასების შევსებული ანგარიშისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და სააკრედიტაციო ვიზიტის შედეგად დგება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს;
დასკვნის პროექტი აღწერს საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობას აკრედიტაციის სტანდარტებთან;
საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი;
აკრედიტაციის სტატუსის მაძიებელი დასკვნის პროექტის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და საბჭოს;
6) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შედგენა
დაწესებულების მიერ არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს;
დასკვნა აღწერს თვითშეფასების კითხვარში შესული მონაცემების ნამდვილობასა და ამ მონაცემების თითოეულ სტანდარტთან შესაბამისობას;
დასკვნის ფორმა მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7) აკრედიტაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, დაწესებულების მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე;
საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან ცენტრის დირექტორი;
ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში;
სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში - მოადგილე. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი;
სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ცენტრისა და აკრედიტაციის მაძიებლის წარმომადგენლები, ასევე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ზეპირ მოსმენაში;
საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში შესაბამისი დარგის სხვა ექსპერტის, პროფესიული ორგანიზაციის წევრის, სფეროს სპეციალისტისა და სხვა პირთა მოწვევა;
სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე;
დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით;
ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება აკრედიტაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა ვიზიტის შემდეგ;
საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით;
საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აკრედიტაციის შესახებ;
ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ;
გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;
დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა იმ საგანმანათლებლო პროგრამისა, რომელსაც დაწესებულება ავტორიზებულ რეჟიმში უწყვეტად ახორციელებს არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში) პირველი აკრედიტაციის ვადა 4 წელია.
აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის ვადა, აგრეთვე იმ საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა, რომელსაც დაწესებულება ავტორიზებულ რეჟიმში უწყვეტად ახორციელებს არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში, არის 7 წელი.
პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა. პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს ზედიზედ ორჯერ;
საბჭოს სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით.
8) დასაბუთებული გადაწყვეტილებისა და დასკვნის გამოქვეყნება
საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.