კალენდარი

arrow სექტემბერი 2023 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

განათლების სისტემა

საქართველოს განათლების სისტემა


ზოგადი განათლების სისტემა


საქართველოში ზოგადი განათლება რეგულირდება საქართველოს კანონებით: „ზოგადი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“; მოქმედი ეროვნულ სასწავლო გეგმით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით. 
სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს და ხორციელდება სამ საფეხურზე (დაწყებითი, საბაზო, საშუალო). 
დაწყებითი განათლება მოიცავს 6 წელს და ხორციელდება I-VI კლასებში; საბაზო განათლება მოიცავს 3 წელს, ხორციელდება VII-IX კლასებში; საშუალო განათლება მოიცავს 3 წელს, ხორციელდება X-XII კლასებში. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. 
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირი. 
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღება ხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმების შესაბამისად, რომელსაც შეიმუშავებს და ავითარებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი. 
საბაზო განათლების მიღების შემდეგ გაიცემა საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი -საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი 
სრული ზოგადი განათლების მიღების შემდეგ გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი 
სკოლის საატესტატო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. საატესტატო გამოცდები ტარდება კომპიუტერული ადაპტური ტესტირების მეთოდით (CAT). 
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. 
საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე პირს აქვს უფლება, გავიდეს სკოლიდან, ყველა საგანში მიღებული დადებითი შეფასების საფუძველზე სწავლა გააგრძელოს ზოგადი განათლების მესამე საფეხურზე ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. 
ზოგად განათლებას, კანონით დადგენილი წესით, სრულად აფინანსებს სახელმწიფო ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით. 
2018 წლის აპრილის თვის მონაცემებით საქართველოში ფუნქციონირებს 2085 საჯარო და 224 კერძო სკოლა.


პროფესიული განათლების სისტემა


საქართველოში პროფესიული განათლება რეგულირდება: საქართველოს კანონით „პროფესიული განათლების შესახებ“; „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ და სხვა კანონქვემდებარე აქტებით. 
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებებია: 
ა) პროფესიული კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს; 
ბ) საზოგადოებრივი კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ყველა საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს; 
გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები; 
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ყველა საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. 
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირი. 
საქართველოში არსებობს პროფესიული განათლების ხუთი საფეხურის კვალიფიკაცია. 
დღეს პროფესიული საგანამანთლებლო პროგრამები ხორციელდება პროფესიული განათლების მესამე, მეოთხე და მეხუთე საფეხურებზე. 
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება ხდება პროფესიული პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე. 
კონკრეტული პროფესიული პროგრამის საფეხური განისაზღვრება პროფესიული პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით, რომელიც ასევე განსაზღვრავს მისანიჭებელ კვალიფიკაციას. 
მესამე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ატესტატი, პროფესიული ტესტირების ჩაბარება და პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით განსაზღვრული დამატებითი პირობები. 
მეოთხე და მეხუთე საფეხურების პროფესიულ პროგრამებზე დაშვების წინაპირობაა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი 
პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა პროფესიული დიპლომი.


უმაღლესი განათლების სისტემა


საქართველოში უმაღლესი განათლება რეგულირდება: საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“; „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ და სხვა კანონქვემდებარე აქტებით. 
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა სამსაფეხურიანია და ხორციელდება უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებია: 
ა) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის - ბაკალავრიატის- საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს; 
ბ) სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს; 
გ) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს. 
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირი. 
რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის მიღების შემთხვევაში. 
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები აღწერილია ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემით. 
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველ საფეხურზე - ბაკალავრიატზე - სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს. 
პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შუალედური კვალიფიკაციის მინიჭება დასაშვებია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლისთვის დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რომელიც არ შეიძლება იყოს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების ნახევარზე ნაკლები. 
დამოუკიდებელი საგანმანათლებლო პროგრამის სახით ხორციელდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში, მოიცავს 60 კრედიტს. კურსდამთავრებულზე გაიცემა საგნის ან საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საგნობრივი კომპეტენციის დადატურება, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგნობრივი გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. 
დამოუკიდებელი საგანმანათლებლო პროგრამის სახით ხორციელდება ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში, მოიცავს 60 კრედიტს. პროგრამაზე დაიშვების წინაპირობაა ვეტერინარიის ბაკალავრის ხარისხი. კურსდამთავრებულზე გაიცემა ვეტერინარის სერტიფიკატი. ვეტერინარის სერთიფიკატის მფლობელს შეუძლია სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე (დოქტორანტურაში) შესაბამისი მიმართულებით. 
მასწავლებლის განათლება, სამედიცინო განათლება, სტომატოლოგიური და ვეტერინარიული განათლება ხორციელდება ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამების საფუძველზე. 
დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა არის 360-კრედიტიანი, ხოლო დიპლომირებული სტომატოლოგის/ვეტერინარის/მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამა – 300 -კრედიტიანი. 
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მეორე საფეხურზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. მიღების წინაპირობაა სამაგისტრო გამოცდები. მიღების დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს. 
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მესამე საფეხურზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. მიღების წინაპირობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს. 
2018 წლის აპრილის თვის მონაცემებით საქართველოში ფუნქციონირებს 34 საჯარო და 37კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 

 



  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge